Add caption |
ამ ყველაფრის ფონზე ფსიქოლოგები სოციალური ქსელების მავნებლობაზე ალაპარაკდნენ, რომლესაც მიაჩნიათ, რომ ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ამის ხარჯზე კი სულ უფრო კლებულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. თანაგრძნობა, გამხნევება, სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა. ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ახლაგაზრდების მიერ სხვადასხვა სოციალურ ქსელში თამაშებსა თუ სურათების თვალიერებაში უქმად დროის კარგვაზე.
ფსიქოლოგი თეონა ლოდია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვირტუალურმა ურთიერთობებმა დიდწილად ჩაანაცვლა რეალური ურთიერთობები, რამაც ახალგაზრდებში სოციალური და საკომუნიკაციო უნარების დეფიციტი შეიძლება, გამოიწვიოს: ,,სოციალურ ქსელებს თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში საჭიროზე მეტი დრო უჭირავს. ხშირად ვუსვამ სტუდენტებს შეკითხვას, თუ რა არის მათთვის ისეთი საქმიანობა, რისი კეთების დროსაც დრო ისე გადის, რომ ვერ გრძნობენ. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მპასუხობენ, რომ ეს საქმიანობა სწორედ “ფეისბუკს” უკავშირდება. სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება განსაკუთრებით სარისკოა სოციალურად ნაკლებ კომპეტენტური მოზარდების შემთხვევაში. ისინი გაურბიან რეალურ სოციალურ სიტუაციებს და ურთიერთობის მოთხოვნილებას ვირტუალურ სივრცეში იკმაყოფილებენ. შესაბამისად, იზრდება მათი დამოკიდებულების ხარისხი სოციალურ ქსელზე და მცირდება სოციალური კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობა“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ის დრო, რაც იხარჯება სოციალური ქსელების მოხმარებისას, აკლდება მოზარდის განვითარებისთვის საჭირო შემეცნებით აქტივობას.
თუმცა, ამის პარალელურად, ახალგაზრდები სოციალური ქსელების მრავალ დადებით ფუნქციასა და სარგებელზე ამახვილებენ ყურადღებას.
21 წლის სტუდენტი ირაკლი ირემაძე ამბობს, რომ ფეისბუკი მისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცა, რომელმაც საკმაოდ გაამარტივა ცხოვრება: ,,იქიდან გამომდინარე, რომ დრო საკმაოდ ცოტა მაქვს, ვერ ვახერხებ საინფორმაციო გამოშვებების ყურებას, ამიტომ დღის მთავარ მოვლენებს ჩემი ,,ფეისბუკმეგობრების“ სტატუსებიდან ან საინფორმაციო სააგენტოების ,,ფეისბუკგვერდების“ მიერ გავრცელებული მასალებიდან ვიგებ. გარდა ამისა, ფეისბუკი ძალიან კარგი საშუალებაა საზოგადოებისთვის საკუთარი აზრის გასაცნობად, ასევე მნიშვნელოვანია ,,ფეისბუკგვერდების“ როლიც, რადგან გვაქვს საკუთარი ჯგუფების გვერდები, სადაც ვაქვეყნებთ საინტერესო ცნობებს და თავს ვაცნობთ საზოგადოებას“.
კიდევ ერთი სტუდენტის სოფო შუბითიძის თქმით, სოციალური ქსელები და განსაკუთრებით „ფეისბუკი“ ბევრ სხვა სარგებელთან ერთად საქმიან ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო უარყოფითი ზეგავლენის თავიდან არიდება მის გონივრულ გამოყენებაზეა დამოკიდებული: ,,დღეში 3-4 საათს ჯამში მაინც ვატარებ „ფეისბუკთან“. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ აქ დახარჯული დრო ცუდად წამადგება, ჩემი აზრით, მთავარია, სწორად განსაზღვრო რისთვის გჭირდება „ფეისბუკი“, რათა ის დროის ფლანგვად არ გადაიქცეს. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე მისი გაუქმება დროის დაზოგვის მიზნით, მაგრამ მოგვიანებით იძულებული გავხდი, აღმედგინა, თუმცა, მიზეზი არ ყოფილა ჩემი ნარკოტიკული დამოკიდებულება ან დაჟინებული სურვილი, მიზეზი უფრო საქმიანი იყო“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის ,,მედია და ახალი ტექნოლოგიების“ ხელმძღვანელის დალი ოსეფაშვილის თქმით, სოციალური ქსელებისა და განსაკუთრებით „ფეისბუკის“ როლი საკმაოდ დიდია მედიაგანათლებაში, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაავრცელონ თავიანთი მედიაპროდუქცია: ,,მე, პირადად, „ფეისბუკი“ ძალიან მეხმარება სტუდენტებთან ურთიერთობისას, თითქმის ყველა საგანში არსებობს ცალკე დახურული ჯგუფები, სადაც ლექტორსა და სტუდენტს აქვთ კომუნიკაციის საშუალება. გარდა ამისა, სტუდენტი ჟურნალისტებისთვის საკმაოდ მნიშნელოვანია სოციალური ქსელების არსებობა, მისი დხმარებით მათ შესაძლებლობა აქვთ, გაავრცელონ თავიანთი მედიაპროდუქცია, მოიძიონ და დაუკავშირდნენ რესპოდენტებს, თუმცა, აქაც ერთ მომენტს უნდა გაესვას ხაზი, ბოლო პერიოდში ჟურნალისტები საკმაოდ ხშირად წყაროდ იყენებენ კონკრეტული მომხმარებლის „ფეისბუკის“ სტატუსს, რაც, ვფიქრობ, მიუღებელია, აქ უკვე ეთიკური ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე. მე ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიყენონ სოციალური ქსელები, თუმცა რაციონალურად, საქმიანად და არა გართობისთვის 24 საათის განმავლობაში“.
და მაინც, ექპერტთა თქმით, ყველაზე უარყოფითი ზეგავლენა, რაც „ფეისბუკს“ შეიძლება ჰქონდეს: ესაა პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის სრული აფიშირება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია ვისთან მეგობრობ, რას აკეთებ, სადა ხარ, როგორ ერთობი, რა გიყვარს, რა არ გიყვარს. რაც უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკაციითაც კი შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მოპოვება. ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ ნებისმიერი შენ მიერ გაკეთებული ქმედება „ფეისბუკზე“, ოდესმე ვინმემ შენ წინააღმდეგ გამოიყენოს. სწორედ ამის შესახებ განაცხადა ბარაკ ობამამ ამერიკელ მოსწავლეებთან საუბრისას: ,,ყველა სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ იმას, რასაც „ფეისბუკში“ ,,დაპოსტავთ“, რადგან თითოეული თქვენი ქმედება, შესაძლოა, წინ დაგხვდეთ, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომას. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომელთაც „ფეისბუქში“ რაღაც გამოუქვეყნებიათ და შემდეგ კი სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ“.
.
No comments:
Post a Comment